პროექტის შესრულება

Friday, 23 March 2012

,,როგორ მეტყველებას ვისმენთ, როგორ ვმეტყველებთ“


პროექტის სახელწოდება:  ,,როგორ მეტყველებას ვისმენთ, როგორ ვმეტყველებთ“.
პროექტის მთავარი თემა:  პოპულარული სატელევიზიო გადაცემებისა და               თანატოლების მეტყველების შესწავლა, გრამატიკული ნორმების უგულებელყოფის ტიპური შემთხვევების დაფიქსირება, ანალიზი, საზოგადოების მეტყველების ტენდენციების გამოკვეთა, პოპულარულ სატელევიზიო გადაცემებში გამოყენებული ენობრივი სტილის გავლენა მოზარდთა მეტყველებაზე. 
პროექტის აქტუალურობა:  ენის სიწმინდის დაცვისათვის უმნიშვნელოვანესია საკომუნიკაციო საშუალებებით საზოგადოება ისმენდეს გამართულ მეტყველებას.  პოპულარული გადაცემების ენა მკვიდრდება მოზარდთა მეტყველებაში და გრამატიკულად სწორ ფორმებს ენაცვლება მორფოლოგიურად, სინტაქსურად და სტილურად გაუმართალი ფრაზები, ხშირია ქართულისათვის არაბუნებრივი ფორმების დამკვიდრების ტენდენცია, რომლის პირველწყაროც სწორედ სატელევიზიო გადაცემებია.
პროექტის მიზანი: მოზარდებს ჩამოუყალიბდეთ ქართული სალიტერატურო ენის მიმართ სწორი დამოკიდებულება, განუვითრდეთ კვლევითი, საკომუნიკაციო და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები, დაიცვან ქართული ენის სიწმინდე.    
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა: 3 თვე (მარტი, აპრილი, მაისი).
პროდუქტი, რომელიც შეიძლება შეიქმნად: მასალათა ბუკლეტი, საპრეზენტაციო ნაშრომები, ბლოგი.
პროექტისათვის საჭირო ძირითდი რესურსი: ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი, ტელევიზორი, დიქტაფონი, ფურცლები და სხვა.
პროექტის მსვლელობა (ძირითდი აქტივობები): პროექტის მიზნისა და აქტუალობის გაცნობა, მოზარდების დაყოფა ინტერესთა მიხედვით, ფოკუს ჯგუფების შექმნა, მასწავლებლობის მაძიებლებისათვის საკონსულტაციო ჯგუფების განსაზღვრა, საკვლევი მასალის განაწილება, მოძიებული ინფორმაციის დალაგება, შესწავლა და ანალიზი, საპრეზენტაციო მასალების შექმნა, ბუკლეტის გამოშვება, კონფერენციის მოწყობა. ბლოგის შექმნა.
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტი (საპრეზენტაციო მასალის შექმნა, ბლოგის შექმნა), სამოქალაქო განათლება (საკომუნიკაციო საშუალებების გავლენა საზოგადოებაზე), მათემატიკა (სტატისტიკური მონაცემების დამუშავება), ისტორია (სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში თაობათა წვლილის განსაზღვრა).
პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან კეკელიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: rkekelidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: rkekelidze-rusiko.blogspot.com

Wednesday, 21 March 2012

`მარადიული შარავანდედი... უხილავისა გაიღო კარი...~



,,ვიპოვე ჩემი
   წმიდა სავსება
ამაოების
წინაშე _
ფარად;
სენაკი ჩემი
მოტოვებული
გრძნეულ სხივთაგან
აივსო კვალად...
დავდე შენს ფეხთით
იის ყვავილი...``

 ქალბატონი ანა კალანდაძე, პოეზიის დედოფალი, დაუბრუნდა ზეციურ სამყოფში დატოვებულ გრძნეული სხივით სავსე სენაკს. მანამადე კი... ,,ბრწყინავდა იგი უბადო ბრწყინვით, მშვენიერების დიდებულ ხატად...``
ქალბატონი ანას ხსოვნის უკვდავყოფა, პირველ რიგში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ვალია. სასკოლო პროგრამა კლასიკოსის არაერთი შედევრის სწავლებას გულისხმობს. ძნელად თუ რამე გაამდიდრებს მოზარდის ცნობიერებას, გააფაქიზებს მის გემოვნებას ისე, როგორც ანა კალანდაძის პოეტურ სიტყვასთან ზიარება; პოეტური სტილის არაერთ საკითხზე ყურადღების გამახვილება კი ქართული ენის სწავლების მნიშვნელოვანი პრობლემაა.
 ერთგვარ ანდერძად ისმის გენიალური პოეტის სიტყვები: `სტილი თვით ადამიანიაო, უთქვამთ. ჩემი სტილი, მაგალითად, ჩემს ბუნებას ნიშნავს, ჩემს სულს, იმას `რაც რომ ჩემთვის მოუცია მაღლიდან ღმერთს~ და ამდენად ცვლა მისი, თანაც მოდის მიხედვით, ისევე შეუძლებელია, როგორც შეცვლა საკუთარი გარეგნობისა~. ეცადო, ჩასწვდე შემოქმედის პოეტურ ბუნებას ნიშნავს, დააკვირდე პოეტის ლირიკის სტილს.
 მოსწავლეთათვის მხატვრული ტექსტის აღქმის უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს, თუ ქალბატონი ანას შემოქმედების სტილისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ მოვლენაზე _მსაზღვრელ_საზღვრულის გამომსახველობით უნარზე_ გავამახვილებთ ყურადღებას. აღნიშნულ საკითხსე მსჯელობა ვფიქრობთ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებსაც წაადგებათ პოეტური სტილის საკითხების სწავლებისას. სწორედ მსაზღვრელ_საზღვრულის ექსპრესია (სხვა უამრავ საშუალებასთან ერთად) ხიბლავს მკითხველს. ამ მოვლენაზე საუბრით ბავშვებისათვისაც ადვილად აღსაქმელია, როგორ ახერხებდა პოეტი, რომ მისი ლექსები `კოპწიაობენ, მაღლად ზვაობენ~ და წლების განმავლობაში შემოქმედთან ერთად აღვარებული მშვენებით იდგამდნენ დიდების შარავანდედს.

ინვერსიული მსაზღვრელ-საზღვრულის ექსპრესიული დანიშნულება:


 პოეტური სიტყვის დიდოსტატი განუმეორებელი ოსტატობით იყენებდა ინვერსიის სპეციპიკურ ბუნებას: სინტაქსური წყობის დარღვევით წინადადებაში ემოციურობისა და ესტეტიკური წარმოსახვის გაძლიერება და სიტყვათა გადაადგილებით წინადადებაში აზრის, ლოგიკური მახვილისათვის სიტყვის ხაზგასმა.
 პოეტური ნაწარმოების კითხვისას სიახლის განცდას ბადებს მსაზღვრელ-საზღვრულის უშუალო მეზობლობის დარღვევა და პრეპოზიცია. პოეტი მსაზრვრელ-საზღვრულის მნიშვნელობის `გასაახლებლად~ სამ საშუელებას იყენებდა: 1. ადგილის გაცვლას, 2. დისტანციურ დაშორებას და 3. დისტანციურ დაშორებასა და  ადგილის გაცვლას ერთდროულად.


1.     მსაზღვრელ-საზღვრულის ადგილის გაცვლა:
 მსაზღვრელ_საზღვრულის ადგილის გაცვლით პოეტი ააქტიურებდა მას. ამ პროცესში განსაკუთრებით ფასეული ხდება ეპითეტად გამოყენებული მსაზღვრელი (ეპითეტს კი მაშინ აქვს წონა, როდესაც იგი გამომსახველობითი უნარით გამოირჩევა).
 პოეტი ფრაზაში მსაზღვრელად წინადადების სხვადასხვა წევს იყენებს. ხშირია არა მარტო შეთანხმებული, არამედ მართულ_შეთანხმებული მსაზღვრელ-საზღვრულის გამოყენების შემთხვევები. მაგალითად: `დაბლა შრიალებს მოლისებრ, ყანაი გაუყელავი~; `ცერზე ქორი უჯდა... თვალში _ ცეცხლი მობრიალე;~ `ქედს ჩამოთოვლილს თრიალეთისას რაბათით ვუმზერ~; `მოკვდა შუშანიკი თთუესა სთულისასა~; `დედოფალი ვარსკვლავებისა ნისლმა ღამისამ გალაქტიკის მტვერში არია~; `ქარმა გადახარა რტოი ძეწნისაი...~  და სხვა.
 უხშირეს პარალელებად ამოტივტივდება: გაუყელავი ყანა, მობრიალე ცეცხლი, ჩამოთოვლილი ქედი, ღამის ნისლი, ძეწნის რტო და . . წინადადებაში ნავარაუდები წყობა: 1. განსაზღვრება + ქვემდებარე + შემასმენელი, ან 2. შემასმენელი + განსაზღვრება + ქვემდებარე _ დაირღვა, რამაც სტრიქონებს ახალი ჟღერადობა მისცა, თოთოეულმა სიტყვამ დამოუკიდებელი ღირებულება შეიძინა. ამას კი ხელი შეუწყო თანამიმდევრობამ: 1. მოქმედება, 2. მოქმედი და 3. მისი მსაზღვრელი. მსაზღვრელ-საზღვრულის პირდაპირი წყობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო, მკითხველის ყურადღების მიღმა დარჩენილიყო ეპითეტად გამოყენებული მსაზღვრელის სიცხოველე. ზმნა-შემასმენლის ფრაზის წინ დაყენება მოვლენაზე კი აღარ ამახვილებს ყურადღებას, არამედ ეპითეტზე. `ითინათინებს იგი შუქთა ფარულთა მიღმა~. თვალწინ წარმოგვიდგება `ფარული შუქი~. ფარულობა რაღაც მიჩქმალულს, სიბნელეგადაფარებულს, ბნელის იქით მოქცეულს, უხილავად ქმნილს აღნიშნავს, რაც საპირისპიროა ნათელქმნილისა. `მარტვილს მიაცილებს ქარი მგლოვიარე~. მოსალოდნელ შესიტყვებად აღდგება მგლოვიარე ქარი. ინვერსიამ გააძლიერა ექსპრესია, რამაც ქარების სისინი თან დაურთო ქარის გლოვას და ფრაზის სიმწვავე მეტად გვაგრძნობინა.

2. მსაზღვრელ-საზღვრულის გათიშვა:
პოეტი სტილური დანიშნულებით ძალიან ხშირად იყენებდა გათიშულ მსაზღვრელ-საზღვრულს და ამით შემოქმედებითად მიუყვებოდა ვაჟა-ფშაველას მიერ გაკვალულ გზას.
 გათიშვას, როგორც სტილურ ხერხს, პოეტი იყენაბდა როგორც პრეპოზიციულ, ასევე პოსტპოზიციურ მსაზღვრელ-საზღვრულთან. განსაკუთრებული წარმატებით კი იყენებდა ზმნით გათიშულ შესიტყვებას. ასეთ შემთხვევაში სინტაგმის თითოეული წევრი განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ `იჩრდილება~ თვით შემასმენელი, რადგან იგი აღმოჩნდება იმ ადგილზე, სადაც მოსალოდნელი იყო მსაზღვრელი. ზემოაღნიშნული სტილური ხერხი მეტ გამომსახველობით უნარს სძენს ფრაზას, რადგან ყურადღება ცალკე მსაზღვრელზე მახვილდება და ცალკე საზღვრულზე. ასე მაგალითად: `და მოზეიმე ჩამიქრა სული~, `დაღლილი აქვთ მზერა~, `წყნარი უნთია სანთელი~, `დარდიანი და ნაღვლიანი ბრუნავდა ქარი~, `და სხივთამთოვარს ეთხოვება მზეს ნაძვის წვერო...~
 `სხივთამთოვარი მზე~ ცოტა რა იყოს უჩვეულო შესიტყვებაა. თოვლი შორიდანვე გვაგრძნობინებს სიცივეს, ხოლო მზე მოკაშკაშე კი სითბოსა და სინათლის წყაროა. მსაზღვრელ-საზღვრულის უჩვეულობას სწორედ კონტრასტული შეხამება ქმნის. ჩანს, სხივსაც დაუკარგავს ძალა, სადღაც მიემგზავრება.
 ზმნის ძველი ფორმით გამოყენებას მეტი ექსპრესია შეაქვს ფრაზაში: `ულამაზესი ჰგიან ყვავილნი~, `და სასურველი განიხვნენ ბჭენი~.
 იმავე სიხშინით შეგვხვდება ანა კალანდაძის პოეზიაში ზმნით გათიშული მართული მასაზღვრელ-საზღვრული: `სასოებისა მაქვს საყუდარი~, `მაგრამ დიდების გუგუნებს ექო~, `და შენს თვალებში სინანულის გაკრთება ცრემლი...~, `წყაროს კამლკამებს მოლი...~  და სხვა.
 მსაზღვრელისა და საზღვრულის მნიშვნელობა მით უფრო მკვეთრად წარმოჩინდება, როცა გაიზრდება მათ შორის დისტანცია, როცა რამდენიმე წევრით  გაითიშება. ასე მაგალითად: `შენი დიდების მე ვარ საყდარი!.. `მთის მეც მიხმობს ცისკარ-მწუხარები~, `გრძნეულებისა სხვა ყოფდა ძალი...~ `მაცოცხლებელი, ხედავ, აქა, არსად დის წყალი~, `წარმავლობის, აჰა, უკვე მკვიდრდება ღამე...~ და სხვა.

3.     მსაზღვრელ-საზრვრულის ადგილის შეცვლა და გათიშვა:
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, პოსტპოზიციური მსაზღვრელ-საზღვრულის გათიშვა ორმაგ ეფექტს ქმნის. ამ ხერხის გამოყენებით ავტორი ააქტიურებს წინადადების ყველა წევრს: გამთიშველსაც და გათიშულსაც. ასეთ შემთხვევაში კი განსაკუთრებით აქტიურდება ზმნა-შემასმენელი. მაგალითად: `მზე იყო ცივი და მშვიდი~, `ფოთლები ტირიან ოქროსფერისანი~ (ფოთლების ბედი ძალიან ჰგავს ადამიანთა ხვედრს. მათაც ძალიან მალე უდგებათ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები, ყვითლდებიან და მიწას ჩაეკვრებიან), `ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა~, `სვეტნი ამაყად დგანან მაღლები~, `ბრწყინვენ ვარსკვლავნი ხავერდის ცაზე მოკამკამენი~... `როს პეპელა აუფრინდა წინა ჭრელი, პაწაწინა~, `ინდე, ვარსკვლავი რომ აკიფდა საგანთიადო~.
 მშვენიერი სანახავია ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ხავერდოვანი ცა, მაგრამ ანა კალანდაძის საგანთიადო ვარსკვლავი უფრო მომხიბვლელი უნდა იყოს. როგორც ვხედავთ, შედარებით სტანდარტული სიტყვათშეხამების გადაადგილებით და დაშლით მივიღეთ ახლებურად ორგანიზებული ფრაზა, რომელსაც მეტი თვითმყოფადობა და გამომსახველობითი უნარი ახასიათებს.
 პოეტის ენაზე მუშაობის დასრულებისას ქალბატონი ანა კალანდაძის სიტყვით მოხიბლულმა ერთ-ერთმა მოსწავლებ რვეულში ჩაწერა: `გული დამწყდა, ასეთ ნეტარებასაც დასასრული რომ ჰქონია. გული დამწყდა, რომ `ყვავილწნულის ლამაზი ეტლით~ მოგზაურობის შემდეგ რეალურ სამყაროს ვუბრუნდები და ახლაღა ვამჩნევ, რომ მას მეწამურისფერი შერევია. გამახსენდა, როგორ აიწია, მზემ ფეხის წვერებზე და ჩამახედა მზის ქალაქში. ძახილზე როგორ გამოვიდა ჭია-მაია ისე, რომ არ შეშინებია, რტოების რხევით როგორ დამემშვიდობნენ მაგნოლიები და თუთა და მივხვდი, რომ მათაც ვუყვარვარ.~ ალბათ, ეს გულწრფელი აღფრთოვანებაა ის უკვდავება, რომლითაც ქალბატონი ანა დარჩება ქართველთა შორის.

გამოყენებული რესურსები:
1.     ანა კალანდაძე, ერთტომეული, 1987 .;
2.     ანა კალანდაძე, ძვირფასი ავტოგრაფები, 2004 წელი;
3.     არნ. ჩიქობავა, ხალხი, ენა, მწერალი; ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, წიგნი     
        ვჳ;
4.     აკ. შანიძე, თხზულებათა . ჳჳჳ;
5.     . კვაჭაძე, თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი;
6.     . აფრიდონიძე, სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში, 1986 .;
7.     . აფრიდონიძე, ინვერსიის სტილური დანიშნულებისათვის, თსუ შრომები, 4 (143), 1971;


                                       



font-family: AcadNusx; mso-ansi-language: EN-US; mso-bidi-font-family: AcadNusx;