პროექტის შესრულება

Tuesday, 20 March 2012

,,მასწავლებელი უნდა იყოს სამართლიანი“


არავის შეეპარება ეჭვი და, ვფიქრობ, არც საკამათო იქნება, რომ პროფესიონალი მასწავლებლის მახასიათებელთა შორის სამართლიანობა უპირველესია. თუმც კი პრაქტიკულად შეუძლებელია ჩამოვაყალიბოთ, რა არის სამართლიანობა, მაგრამ არისტოტელეს დავესესხებით და ვიტყვით, რომ სამართლიანობა ღირებულებათა იერარქიის უმაღლეს საფეხურზე დგას.
არ ვიცი, ჩემმა მოსწავლეებმა იცოდნენ თუ არა, რას ფიქრობდა არისტოტელე სამართლიანობის შესახებ, მაგრამ როცა დავუსვი კითხვა, მასწავლებელთა რომელ თვისებას სცემენ პატივს და რომელი თვისება უნდა ჰქონდეს პედაგოგს მათი მოწონება რომ დაიმსახუროს, უმრავლესობამ პირველ ადგილზე სამართლიანობა დააყენა, ბავშვებმა შემდეგ ისეთი თვისებები დაასახელეს, როგორებიცაა საგნის ცოდნა, კომუნიკაციის და მასალის გადაცემის უნარი, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, შემოქმედებითობა და სხვა.
 დამეთანხმებით, ბავშვები ყველაზე ობიექტური შემფასებლები არიან და უფროსებს ხშირად სწორედ არაობიექურობის გამო არ ენდობიან.
 რა განაპირობებს მოსწავლეთა უნდობლობას და რას ნიშნავს ობიექტურობა სკოლაში?
კითხვაზე პასუხი არ გაჭირდება, თუკი ჩვენს მოსწავლეებს მოვუსმენთ:
             ,,გაკვეთილი ყოველთვის ვიცოდი, რამდენჯერმე საპრეზენტაციო ნაშრომიც წარმოვადგინე, მაგრამ მეორე დღეს ჟურნალი რომ ვნახე, 6 და 7 მეწერა. მეორე დღეს მასწავლებელს ვკითხე, რაში დამიწერა ნიშანი, მან მიპასუხა-გეკუთვნოდაო...“ 
•             ,,უსამართლოდ ვთვლი 9-იანის მიღებას, რადგან მასწავლებელმა არ გაითვალისწინა ჩემი მონდომება და შრომა“; 
•             ,,მე მთელი 3 საათი ვსწავლობდი გაკვეთილს, მასწავლებელმა კი მხოლოდ 7 ქულაზე შემაფასა~; ,,მასწავლებელმა ჩემი მოყოლილი გაკვეთილი 7-იანით შეაფასა, მეც დავკმაყოფილდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს 7 ქულა დამსახურებული იყო, ჩემ შემდეგ მასწავლებელმა გამოიძახა ბავშვი, რომელმაც ვერაფერი უპასუხა, ისიც 7 ქულით შეაფასა, ამან გული დამწყვიტა...“; 
•             ,,მასწავლებელმა გადაწყვიტა, ჩემი თემა, როგორც საუკეთესო, გაეგზავნა კონკურსზე, მაგრამ მოულოდნელად გადაიფიქრა. მიზეზი კი ის იყო, რომ სხვა ბავშვმა თავი შეაცოდა მასწავლებელს, იტირა და სთხოვა, მისი თემა გაეგზავნა, ძალიან დავიჩაგრე“.
•             ,,მასწავლებელს ეგონა, რომ მე ვსაუბრობდი და 2 ქულა დამიწერა“.

 შედეგი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა: მეზიზღება გეოგრაფია, აღარ მინდა ისტორიის წიგნის გადაშლა, აღარ დავწერ თემას. არადა რამდენ იმედგაცრუებას ავიცილებდით თავიდან, თუკი მოსწავლეთა შეფასების ობიექტურობას, სანდოობას, ვალიდურობას და გამჭვირვალეობას არ უგულებელვყოფდით. ჯანსაღი და წარმატებული სასწავლო პროცესისათვის აბრაამ მასლოუს მოთხოვნილებათა თეორიის გათვალისწინება აუცილებელია.  ,,ადამიანები მხოლოდ მაშინ შეეცდებიან მაღალი დონის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, როცა ისინი შეძლებენ, ნაწილობრივ მაინც დაიკმაყოფილონ ის მოთხოვნილებები, რომლებიც იერარქიის ქვედა ნაწილშია მოთავსებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, ცდილობენ, დაიკმაყ¬ოფილონ თავიანთი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, შემდეგ კი უსაფრთხოების მოთხოვნილება, და მხოლოდ ამის შემდეგ - სიყვარულის, მიკუთვნების და დაფასების მოთხოვნილებები“.2 წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვებს ,,არასაკმარისი ფსიქოლოგიური ენერგია ექნებათ სწავ¬ლისთვის“.3 ასე რომ, მოსწავლემ ჯერ უნდა ირწმუნოს, რომ მას სამართლიანად ექცევიან, მხოლოდ შემდეგაა შესაძლებელი აკადემიური წარმატების მიღწევა.
  სკოლაში სამართლიანი გარემოს ფორმირებისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, არსებობდეს მოსწავლეთა შეფასების ცხადი და მიუკერძოებელი სისტემა. ობიექტურმა, სანდო შეფასებამ მოსწავლე, შესაძლოა, საკუთარ პიროვნულ გამორჩეულობაში დაარწმუნოს.ააბა, წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, ბელ კაუფმანს პროფესიონალი მასწავლებელი რომ არ შეხვედროდა, მაშინ განსვენებული პედაგოგის ხსოვნის პატივსაცემად აღარ დაიწერებოდა: ,,თქვენ ყველას აიძულებდით ეგრძნო საკუთარი თავისებურება. ერთხელ შექსპირის სიტყვები წაგვიკითხეთ: ,,ვის ძალუძს მეტად განგადიდოს ან მეტი გითხრას, ვიდრე ამ სიტყვებს: შენი მსგავსი მხოლოდ შენა ხარ~. ასე მეგონა, მე მგულისხმობდით, ალბათ ასევე იგულისხმა თავისი თავი 34 მოსწავლიდან ყველამ .“ 4  
  სამართლიანობა ფართო ცნებაა, მაგრამ აღნიშნული მოხსენების მიზანია ყურადღება გამახვილდეს სასკოლო შეფასების სისტემის მხოლოდ ერთ ასპექტზე; როგორ უნდა შემუშავდეს შეფასების კრიტერიუმები კონკრეტული გაკვეთილისათვის ისე, რომ მოსწავლემ ზუსტად იცოდეს, რატომ მიიღო ესა თუ ის ქულა.
 დღევანდელ სკოლაში გამოყენებული შეფასების მრავალკომპონენტიანი სისტემა სწავლების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელვანი მახასიათებელია, მასწავლებელმა იცის, რომ შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონის შესაბამისობას საწავლო გეგმითა და საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნასთან, შეფასების კრიტერიუმებიც შემუშავებული აქვს, მაგრამ კონკრეტული დავალების შესრულების დროს ობიექტურობის დაცვა, შესრულებული სამუშაოს დადებითი და სუსტი მხარეების შეფასება ჭირს, არადა, აუცილებელია
ნამდვილად არ არის ადვილი, თითოეული გაკვეთილისათვის შეფასებების სქემების წინასწარ მომზადება, კომპონენტების გამოყოფა, მაგრამ აადვილებს მოსწავლესთან კომუნიკაციას. ასეთ დროს მოსწავლე რწმუნდება, რომ მას უსამართლოდ კი არ მოექცნენ, არამედ ობიექტურად შეაფასეს, ეს კი მოტივაციის შექმნისათვის საკმაოდ მყარ ნიადაგს ქმნის.
 პედაგოგის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, რამდენად მორგებულად გამოიყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას. აუცილებელი არაა ყველა გაკვეთილზე განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება. დდღეს აღარავინ ითვლის, პედაგოგმა გაკვეთილზე რამდენი ნიშანი ჩაწერა ჟურნალში. აამიტომ შეფასების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენაბა (მათ შორის კომენტარი, თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება და სხვა) იძლევა იმის საშუალებას, სრულყოფილად წარმოვადგინოთ მოსწავლის მიღწევის დონე.
 ჱყოველგვარ წინასწარ შემუშავებულ სქემას აზრი ეკარგება, თუ მის შექმნაში აქტიურად არ არიან ჩაბმულნი მოსწავლეები. მშობლებს შეფასების სქემები, შესაძლოა, ნაკლებად აინტერესებდეთ, მათთვის მნიშვნელოვანი საკლასო ჟურნალში დაფიქსირებული ნიშანია, მაგრამ პედაგოგი ვალდებულია, წინასწარ, სასწავლო წლის დასაწყისში, მათ გააცნოს, როგორ შესაფასდება მათი შვილების აკადემიური მიღწევის დონე. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ შეფასების სქემები თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს გამოკრული.
 შეფასების რუბლიკების შედგენისას პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გაკვეთილის მიზანი, მისაღწევი შედეგი და შეფასების კრიტერიუმები ერთმანეთს შეესაბამებოდეს.
საჯარო სკოლების თითოეულ კლასში 30-35 მოსწავლე ზის. ასეთ პირობებში, შესაძლოა, პედაგოგს რომელიმე მოსწავლე ყურადღების მიღმა დარჩეს, ამიტომ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, საჭიროა, წინასწარ, გეგმაზომიერად შევარჩიოთ მოსწავლეები, რომელთა პასუხებს დავაკვირდებით და ჩავინიშნავთ, რათა ობიექტურად შევაფასოთ მათი განვითარება და დავაკვირდეთ დინამიკას.
 ვფიქრობთ, ცალკე მოხსენების თემაა პედაგოგის ქმედება: თანასწორად ექცევა თუ არა ის ყველა მოსწავლეს, უსამართლოდ ხომ არ აძლევს შენიშვნას, განასხვავებს თუ არა სოციალური ნიშნის მიხედვით, სჯერა თუ არა მისი, შეურაცხყოფს თუ არა, მართავს თუ არა საკუთარ ემოციას და თავისი განწყობა გადააქვს თუ არა მოსწავლეებზე და ..
  მასწავლებელს აუცილებლად უნდა ახსოვდეს, რომ ,, როგორიც უნდა იყოს ადამიანის განზრახვა, სხვა ადამიანი მისი ქცევიდან ყოველთ¬ვის საკუთარ დასკვნას გამოიტანს.~ 5
რა თქმა უნდა, მოსწავლეს უჩნდება მოთხოვნილება სიყვარულისა და მიკუთვნებულობისა (მასლოუ), ამიტომ პედაგოგს სიფრთხილე მართებს, შენიშვნა იმდენად კორექტული და სამართლიანი უნდა იყოს, რომ ბავშვმა არ იფიქროს:
•             ,,მხოლოდ მე გამომარჩია“, 
•             ,,მთელი კლასის გამო დავისაჯე“, 
•             ,,კლასზე გაბრაზებული იყო, ბოდიში მოვუხადე, მაგრამ არ მომისმინა“, 
•             ,,ახალი გადმოსული ვიყავი და არ მიცნობდა“, 
•             ,,გამორჩეულ მოსწავლეს მონდომებით აუხსნა, რაც ვერ გაიგო, მე კი უარით გამომისტუმრადა ასე შემდეგ.

 ასეთი დამოკიდებულება, ცხადია, ხელს უშლის მოსწავლეთა მიღწევის დონის გაუმჯობესებას. რადგან ბავშვები ზემოაღნიშნულ პრობლემებზე საუბრობენ, ჩანს მათ არ აქვთ დაკმაყოფილებული მოთხოვნილებათა მე-3 დონე, სხვა შემთხვევაში, ,, როცა ადამიანი დაიკმაყოფილებს ამ მოთხოვ¬ნილებებს, მისი მათკენ სწრაფვა მცირდება~.6
 ასე რომ, როცა მოსწავლეებმა კითხვაზე - რომელი თვისება უნდა ჰქონდეს პედაგოგს, მათი მოწონება რომ დაიმსახუროს-სხვადასხვაგვარად, მაგრამ ერთნაირი გულწრფელობით მიპასუხეს: ,,მასწავლებელი უნდა იყოს სამართლიანი!..~ მეც დავეთანხმე და არა მგონია, რომ რამე გამორჩათ.
                                                      
მასწავლებელთა კონფერენცია,
მასწავლებელთა სახლი,
ნოემბერი, 2011 წელი.

No comments:

Post a Comment