პროექტის შესრულება

Saturday, 23 June 2012

თამაში საგაკვეთილო სივრცეში



 პედაგოგისათვის ძნელი შესამჩნევი როდია, რომ ერთი მოსწავლე ადვილად უმკლავდება ამოცანას, მეორე - ძნელად. შესაფერისი შეფასებაც არ იგვიანებს: ეს ბავშვი გონიერია, ის - ნაკლებად.
 ფსიქოლოგიური კვლევა აზროვნების სამ პრინციპზე ამახვილებს ყურადღებას. წარმატება, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ერკვევა მოსწავლე ამოცანის პირობაში, მეორე - რამდენად აქვს უნარი, დაგეგმოს ამოცანის ამოხსნა, მოიძიოს ამოცანის ამოხსნის სხვადასხვა გზა და ვარიანტი, განსაზღვროს მოქმედება და მესამე-რამდენად აანალიზებს უკვე ამოხსნილი ამოცანის სისწორეს.
  სწავლას, როგორც ადამიანის ქცევის სახეს, მოზარდის შინაგანი ძალების ტენდენციის გამოვლენა უნდა მოჰყვეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ მასალაზე დაყრდნობით მოხდება, რომელსაც ჩვენ, მასწავლებლები, მივაწვდით.
 ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობები თამაშის ნიადაგზეც რეალიზდება.
თამაშის თანამდევია თავისუფლება, სილაღე, ღირსება, პატივი, წესრიგისაკენ სწრაფვა. ასეთ პირობებში გაკვეთილიც უფრო მოძრავი, ხალისიანი, საინტერესო ხდება. ბავშვი თამაშობს იმიტომ, რომ სიამოვნებს, ერთხელ გათამაშებული მეხსიერებაში რჩება.
 ბავშვი თამაშის პროცესში ცდილობს, უკეთ წარმოჩნდეს, გამარჯვება კმაყოფილებას ანიჭებს, რომელიც მეტ-ნაკლებ ხანს გრძელდება. გამარჯვების პატივი მთელ გუნდზე გადანაწილდება.
  თამაშის ფორმის გამოყენება წარმატებით შეიძლება ქართული ენის გაკვეთილზე.
 „გრამატიკა აზრთა შორის არსებული ლოგიკური მიმართულების გაცნობიერებას გულისხმობს“, ამიტომ, ეფექტურია ისეთი თამაშის გამოყენება, რომელიც მოსწავლეში ლოგიკური აზროვნების უნარს განავითარებს.
 თამაშები, რომლებიც ქართული ენის გაკვეთილზე გამოიყენება, პირობითად, რამდენიმე ჯგუფად იყოფა: სასწავლო, კომბინირებული, ანალიტიკური, ასოციაციური, კონტექსტური, ენობრივი, შემოქმედებითი.
 ვიდრე სათამაშო სიტუაცია შეიქმნება, უნდა განისაზღვროს თამაშის პირობა, დავალების შესრულების დრო და მოთამაშეთა რაოდენობა. თამაში ეფექტური იქნება, თუკი ვითამაშებთ გახსნილად, ეცოდინება მოსწავლეს, რისთვის ტარდება თამაში. წარმატება იმაზეა დამოკიდებული, როგორი განწყობა დამკვიდრდება ჯგუფში.
 რადგან გაკვეთილის შედეგი მხოლოდ თეორიული მასალის დამახსოვრება არ არის, ხშირად თავს იჩენს პრობლემა, როგორ მოვახერხოთ თეორიული ცოდნის გამოყენება.
 პრობლემის გადაჭრისათვის შეიძლება გამოვიყენოთ სასწავლო ხასიათის თამაშები, ვთქვათ, ,,ანტიკარნახი“, ,,დატვირთული ტექსტი“, ,,წინადადება სქემის მიხედვით“ და სხვა.
 მათი საშუალებით შევძლებთ, მოსწავლეს გამოვუმუშოთ უნარი, იპოოს შეცდომა და გაასწოროს, გამოიცნოს სავრაუდო შეცდომა, გაააქტიუროს სიტყვათა მარაგი, გაზარდოს სამეტყველო წარმოსახვა, იმუშაოს სწრაფად და ზუსტად.
                                                                              

                              ანტიაკარნახი

  თამაში ,,ანტიკარნახი“ტარდება მე-6, მე-7 კლასებში და ზევით. ამ პერიოდისათვის ბავშვებს უკვე აქვთ წერითი კულტურის ჩვევა. მონაწილეთა რაოდენობა განუსაზღვრელია. წამყვანი წინასწარ ამზადებს ტექსტს.
 მოთამაშეები იყოფიან 3-4 -კაციან გუნდებად. წამყვანი კარნახობს ტექსტს, რომელიც უნდა დაწერონ მონაწილეებმა ყველა მოსალოდნელი და დასაშვები შეცდომით. წერისას არ უნდა დავუშვათ არც ერთი მოულოდნელი შეცდომა.
 გუნდებს ეძლევათ დრო, დროის გასვლის შემდეგ კი ბავშვები კითხულობენ შეცდომებს ხმამაღლა..
წამყვანი სთავაზობს ტექსტს: „ეთერ, მოდი, რამდენიმე მეგობართან ერთად წაიკითხე დავალება. ვახტანგ, ყური დაუგდე  შენს მეგობარს და კითხვაზე მუდამ ერთსა და იმავე პასუხს ნუ გაგვცემ.“
 ბავშვები, სავარაუდოდ, ტექსტში უშვებენ შეცდომებს: „ეთერი, მოდი, რამდენიმე მეგობართან ერთად წაიკითხე დავალება. ვახტანგი, ყური დოუგდე შენ მეგობარს და კითხვაზე ერთსა და იგივე პასუხს ნუ გაგვცემ“.

წინადადება სქემის მიხედვით

თამაში, უმჯობესია, თუკი სასწავლო მასალის შესაბამისი ნაწილის შესწავლისას გამოიყენება, მაშინ, როცა მოსწავლე გაეცნობა წინადადების სინტაქსურ სქემას.  თამაში გუნდურად მიმდინარეობს. წამყვანი წინასწარ ამზადებს სათანადო სქემას.
 მოთამაშეები რამდენიმე ჯგუფად იყოფიან (არა უმეტეს სამისა). აუცილებელია გუნდში მოთამაშეთა თანაბარი რაოდენობა.
 წამყვანი დაფაზე გამოსახავს წინადადების სქემას (მარტივი, შერწყმული, რთული).

No comments:

Post a Comment